წინ, ტრადიციებისკენ

თანამედროვე სამყაროში, როდესაც ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდება, გარკვეული დარგებისთვის პროგრესი ტრადიციებთან დაბრუნებაა. ასეა, მაგალითად, აგროკულტურაში, სადაც მიწის დამუშავებაც და შემდგომი წარმოებაც წინაპართა მეთოდს ეფუძნება, დღევანდელ დღეს ამ სფეროებში პროგრესი სწორედაც რომ ბუნებრივ პროცესებში მინიმალურ ჩარევას გულისხმობს.

ბიოდინამიკური მეურნეობა – მიწათმოქმედების მიმართ ეკოლოგიური დამოკიდებულებაა, მიწის ორგანულად დამუშავების მეთოდი ქიმიური სასუქებისა და პრეპარატების გარეშე, რომლის თანახმად, ჯანსაღი და სასარგებლო მოსავლის მიღება მხოლოდ ბუნებასთან შეთანხმებითაა შესაძლებელი. ბიოდინამიკის მთავარი პრინციპი მიწის, როგორც ბუნების ერთ-ერთი რგოლის, საერთო ორგანიზმში განხილვაა. უწყვეტი ჯაჭვი, სადაც ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში. მცენარის თუ ცხოველის ავადმყოფობა აღიქმება არა როგორც ერთი კონკრეტული დაავადების გამოვლინება, არამედ როგორც სიგნალი, როდესაც მკურნალობა მთელ ორგანიზმს სჭირდება. მიწათმოქმედების მთელი პროცესი კი, ხვნა-თესვაცა და მოსავლის აღებაც, ბუნებრივ მოვლენას – მთვარის მოძრაობის ციკლს უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული, მიწათმოქმედების ეს პრინციპი ევროპაში ფართოდ იყო გავრცელებული, ინდუსტრიულმა გარემომ ეს პრინციპები შეცვალა. მაგრამ, დროთა განმავლობაში, ბუნებრივ გარემოში ხელოვნურმა ჩარევამ, სწრაფმა ტექნიკურმა პროგრესმა პლანეტა დიდად დააზიანა. ნ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიწადმოქმედებაში და კერძოდ, მეღვინეობაში მწვავედ დადგა ნიადაგის სიჯანსაღის საკითხი. მოხმარებული პესტიციდები და სხვადასხვა ქიმიკატები, ერთი მხრივ, ებრძვის მცენარის დაავადებებს, ხოლო მეორე მხრივ, ანადგურებს იმ ორგანიზმებს, რომლებიც აუცილებელია მისი ნორმალური განვითარებისთვის. ამ ყველაფერმა ღვინისა და ვაზის ხარისხი საგრძნობლად გააუარესა. ასევე, დამანგრეველი აღმოჩნდა სისტემური პრეპარატებიც, რომლის მეშვეობითაც ქიმიკატები ვაზში აღწევს და მცენარეს ხელოვნური გზით კვებავს.

სამრეწველო მეღვინეობისგან განსხვავებით, ბიოდინამიკური მეთოდი მხოლოდ ბუნებრივ სასუქს, ყურძნის ხელით კრეფას და ნატურალური საფუარით ფერმენტაციას გულისხმობს. ბიოდინამიკური მეთოდის მიმდევრები თვლიან, რომ მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ეკოლოგიურად სუფთა და სასარგებლო პროდუქტის წარმოება. დღეს მეცნიერთა და ფერმერთა პროგრესული ნაწილი ამ მეთოდს კვლავ უბრუნდება.

ეკოლოგიურად სუფთა ღვინის გასასინჯად ჩვენი სტუმრებისთვის სამი მარანი შევარჩიეთ:

<strong>ალავერდის მონასტრის მარანი</strong>

ალავერდის მონასტრის მარანი ათასწლოვანი ბრენდია, რომელსაც მონასტრის ბერები XI საუკუნის მარანში აყენებდნენ. ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლის ეზოში არქეოლოგებმა VIII-X საუკუნის უძველესი მარნის ნაშთი აღმოაჩინეს სხვადასხვა ზომის ქვევრებით.

ქვევრი ღვინის დასაყენებელი თიხის ჭურჭელია, რომელიც იმდენივე წელს ითვლის, რამდენსაც ქართული ღვინო. საქართველო კი, მოგეხსენებათ, ღვინის სამშობლოა. ამას მოწმობს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი არტეფაქტები – ნეოლითის ხანის ღვინის ჭურჭელი თუ სასმისები, ყურძნის წიპწები თუ ბრინჯაოს ხანის ქანდაკებები. ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია საქართველოში უხსოვარი დროიდან უწყვეტად გრძელდება. მისი უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე, ქვევრს იუნესკოს არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ალავერდის მარნის არქეოლოგიური შესწავლისას აქ 60 ტონა ღვინის ტევადობის ორმოცდაათამდე ქვევრი აღმოაჩინეს. მათი უმეტესობა ნატიფი მოყვანილობით და მიწაში ჩაფვლის განსაკუთრებული წესით გამოირჩევა. ალავერდელმა ბერებმა კი ღვინის კულტურის ამ უძველეს ტრადიციას ახალი სუნთქვა შთაბერეს.

„ლოპოტა სპა რეზორტიდან“ ალავერდის მონასტრამდე თითქმის 23 კმ-ია. ეს, სავარაუდოდ, 25 წუთის სამანქანო გზაა.
რუისპირის ბიოდინამიკური მეურნეობა 5 ჰექტარზე გაშენებული ვენახი და ბიომეურნეობა, რომელსაც გიორგი ალადაშვილი უდგას სათავეში, კახეთის სოფელ რუისპირში მდებარეობს. ახალგაზრდა ქართველმა ფერმერმა განათლება შვეიცარიაში მიიღო და მამაპაპისეული ვენახის მოვლა თანამედროვე ევროპული მეთოდებით გააგრძელა. ახალგაზრდა ფერმერი ბუნებაში ყველანაირ ჩარევაზე უარს ამბობს. აქ ვენახს შხამ-ქიმიკატების გარეშე უვლიან, ქიმიური წამლების ნაცვლად ბუნებრივ საშუალებებს – მუხის ქერქის, ტირიფის, ჭინჭრის, შროშანის ნაყენს იყენებენ. ღვინოს კი ქვევრში ტრადიციული ქართული მეთოდით აყენებენ. ამიტომ, აქაური ვენახიც ჯანსაღია და ღვინოც ხარისხიანი.
ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, რომ მიწა ცოცხალი ორგანიზმია და მას ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ცოცხალს. გავუფრთხილდეთ, დავიცვათ, არ დავაზიანოთ. მაშინ პროდუქტიც ჯანსაღი იქნება და ადამიანებიც ნაკლებად დაავადდებიან.

„ლოპოტა სპა რეზორტიდან“ – რუისპირის ბიოდინამიკურ მეურნეობამდე 30 კმ-ია და მანქანით ნახევარ საათზე ცოტა მეტი დაგჭირდებათ.

<strong>ხოხბის ცრემლები </strong>
ამერიკელი მხატვრის და დღეს უკვე მეღვინის, ჯონ ვუდერმანისა და ქართველი მეღვინის, გელა ფათალიშვილის მიერ ერთობლივად შექმნილ მარანში სხვადასხვა ასაკის ქვევრებს შეხვდებით. თანამედროვე ქვევრების გარდა ღვინის დასაყენებლად აქ მე-19 საუკუნის ჭურჭელსაც იყენებენ. მარანი ვენახის შუა გულშია აგებული, რაც ყურძენს დაზიანებისგან მაქსიმალურად იცავს. აქაური მეღვინეები თვლიან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყურძენი დაკრეფიდან მალევე, რამდენიმე საათის განმავლობაში დაიწუროს.

ტრადიციული ქართული მეღვინეობის მეთოდების მიხედვით, ყურძნის კანს, წვენსა და წიპწებს მწიფე კლერტი ემატება. აქაური ღვინოები მხოლოდ ქვევრში ძველდება, ამიტომაც, მუხის კასრების არომატს არ იღებენ, რაც შესაძლოა, ცოტა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, თუმცა, აქ გვარწმუნებენ, რომ ეს ღვინის უპირატესობაზე უფრო მეტყველებს – ამ მეთოდით საუკეთესო ხარისხის, დაწმენდილი და კრიალა ღვინოები მიიღება.

„ლოპოტა სპა რეზორტში“ ღვინის თუ უბრალოდ თავგადასავლის მოყვარულებს სხვადასხვა ღვინის ტურს გვთავაზობენ – თუ დაინტერესდებით, გირჩევთ, ჩვენს სათავგადასავლო ცენტრს მიაკითხოთ, სადაც თქვენთვის ხელსაყრელ მარშრუტს დაგიგეგმავენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *