შეაგროვე ბედნიერი წუთები ოჯახთან ერთად

ხანდახან ძალიან მნიშვნელოვანია, ვინმემ სწორ დროს გითხრას ის, რაც არაერთხელ გაგიგონია და თავადაც კარგად იცი, მაგრამ ის, რომ ეს საყოველთაო რეცეპტები შენ ამწუთას უნდა გამოიყენო, მაგის აღქმა არ გაქვს, რუტინას და ჩვევებს თავისი გზით მიჰყავხარ, რაც არ მოგწონს, ისიც ცხოვრების ნაწილი გგონია და ცდილობ უფრო შეეგუო, ვიდრე შეცვალო.

მადლობა ჩემს დას, რომელმაც შვებულების გატარება ჩემს ოჯახთან ერთად გადაწყვიტა. მაისის ბოლოს თბილისში ჩამოვიდა და ერთი თვე ჩვენი ოჯახური რუტინით იცხოვრა. ის, რაც ჩემთვის ყოველდღიურობა იყო, მისთვის საგანგაშო აღმოჩნდა. არადა, მეგონა, ჩვენი განრიგი სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა:

ორშაბათი – პარასკევი

ერთსაათიანი ბრძოლა, ყვირილი და დაყვავება, სანამ ბავშვებს გავაღვიძებ. სპორტის თუ მუსიკის ჩანთებს მოვუწესრიგებ, მეუღლეს მუდმივად გაუჩინარებულ წინდებს და საჭირო ქამარს მივაწოდებ, საუზმისას ყველას ვალდებულებებს შევახსენებ და ჩქარა- ჩქარას ძახილით მანქანაში ჩავისვამ, გზაში ხან მოძრაობით და ხან ბავშვების კინკლაობით გაღიზიანებული, დაგვიანების შიშით შეპყრობილი ვიღრინები. ბავშვების სკოლაში დაბინავების შემდეგ თავს უთანასწორო ბრძოლაში დამარცხებულად ვგრძნობ. საღამოობითაც არანაკლებ ვატერლოოს ბრძოლას ვაგებ ხოლმე. სამსახურის, მუსიკის მასწავლებლის შენიშვნების, საცობებში შვილის მეგობრისთვის დაბადების დღის საჩუქრის ძებნის, ორმოცკაციანი საბავშვო წვეულების შემდეგ, სახლში მოსულს დრო და ენერგია მარტო მითითებისთვის მრჩება. მომდევნო დღისთვის მზადებაც არავის გაუუქმებია.. და ასე მთელი კვირა.

შაბათ-კვირას ყველანი ვცდილობთ ცოტათი მაინც გავეთიშოთ ყოველდღიურობას, ბავშვები მეგობრებთან ერთად კინოში ან სპორტულ თამაშებზე მიდიან, ჩვენ, უფროსები სოციალურ მოვალეობებს ვასრულებთ და დარჩენილ დროს ვცდილობთ ცალ-ცალკე დავისვენოთ. ორშაბათიდან კი ყველაფერი თავიდან იწყება.
ერთხელაც, ბავშვები სკოლაში რომ დავტოვეთ, მე და ჩემი და ყავის დასალევად წავედით, მან მორიდებით დაიწყო: გახსოვს როგორ გვიყვარდა, დედას რომ სკოლაში მივყავდით საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არა მამას მანქანით? მამა სულ ჯუჯღუნებდა და სულ ვისტრესებოდით, დედა კიდევ ზედმეტ ავტობუსის ბილეთებს ყიდულობდა და ბედნიერი – ერთნაირციფრებიანი ბილეთი თუ შეგვხვდებოდა, სურვილებს გვაფიქრებინებდა.

ერთხელ ჩვენი ჩანთებით ხელში, ავტობუსს გაეკიდა, შიგნით შევარდა და კარიც დაიკეტა, ჩვენ გარეთ დავრჩით, უკან ტაქსით მოგვაკითხა და საკუთარ თავზე ბევრი გვაცინა. ასეთი მომენტები არასოდეს გავიწყდება. გახსოვს, მამამ ზედაზნის ტყეში რომ წაგვიყვანა სასეირნოდ? გაბი, ჩვენი კოკერ-სპანიელი, მდინარეში რომ ჩავარდა და მამამ გადაარჩინა? მოგონებებმა წაგვიღო… ერთად გატარებული არდადეგები, ლაშქრობა, კოცონთან ჯდომა, ფეხბურთის თამაში, მშობლების ბედნიერი სახეები და ბავშვობაში განცდილი სიხარულის შეგრძნება გამახსენა. ჩემმა დამ მითხრა, მგონი, ბავშვების არდადეგებს თქვენი შვებულება უნდა დაამთხვიოთ და სადმე ერთად წახვიდეთ დასასვენებლადო. მექანიკურად თავი დავუქნიე და ფსიქოლოგთან წავედი კონსულტაციაზე, რათა ჩემი გაღიზიანების მიზეზები გამერკვია. აი როდესაც ფსიქოლოგმაც იგივე მითხრა, იმ დღესვე დავიწყე ერთობლივი არდადეგების დაგეგმვა და ფსიქოლოგის რჩევის ყველა ასპექტი გავითვალისწინე.

აქვე ჩემი ფსიქოლოგის მოსაზრებას გაგიზიარებთ ოჯახური დასვენების მნიშვნელობაზე:

ჩვენს ეპოქაში, რომელიც ძალიან ცოტა სივრცეს ტოვებს ცოცხალი ურთიერთობისთვის, სადაც ბავშვები და უფროსები ერთნაირად არიან  ჩაბმულები ყოველდღიურ რუტინაში, საქმეებში, მეტის მოსწრებასა და ინტერნეტ ქსელში, ოჯახურ თავყრილობებს და ერთად დასვენებას განსაკუთრებული როლი ენიჭება, რაც ოჯახის ყველა წევრისთვის თანაბრად ძალიან მნიშვნელოვანია.

ოჯახური თავყრილობები და ერთობლივი დასვენება ხანდახან ერთადერთი შესაძლებლობაა მშობლებისთვის მოუსმინონ შვილებს, ეთამაშონ, გაანებივრონ და უკეთ გაიცნონ, რადგან ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაბმულებს ხშირად ამ ყველაფრისთვის დრო საერთოდ არ რჩებათ. მეტიც, ბავშვების რუტინა და ვალდებულებების შესრულება მშობლებისგან უფრო ხშირად სიმკაცრეს, დისციპლინის დაცვასა და დროის სწორად დაგეგმვას ითხოვს. არდადეგები კი მკაცრი ვალდებულებებისგან თავისუფალი დროა, სადაც თამაშის, თავგადასავლისა და ერთობლივი სიამოვნებისთვის სივრცე ჩნდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც ერთობლივი დასვენება ან უბრალოდ დროის ერთად გატარება ღირს, ბავშვისთვის უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდაა, , რომელიც მას უამრავი სტრესის დაძლევაში ეხმარება.

რა არის გამოცდილება და მშობლებზე დაკვირვებით სწავლა: სოციალური ურთიერთობების, ქცევის ნორმების და უბრალოდ დროს გატარების მაგალითი.
სწორედ ამიტომ, ერთობლივი არდადეგები უფრო თავგადასავალს უნდა ჰგავდეს, ვიდრე მხოლოდ დასვენებასა და სიამოვნების მიღებას. ამ დროს მშობლებიც და ბავშვებიც ძალიან ბევრ რამეს სწავლობენ ერთმანეთზე და გარე სამყაროზე, რაც სამუდამო შთაბეჭდილებად და გამოცდილებად რჩება ბავშვის მეხსიერებასა და ცნობიერებაში.

ბუნებრივია, ყველა ოჯახი ერთნაირი არ არის და ხანდახან ერთად გატარებული დრო ბავშვს შეიძლება მძიმე ტვირთადაც დააწვეს, თუ ის საკუთარი ქცევის ან ჩვევების გამო, ოჯახის წევრების მხრიდან მუდმივი კრიტიკის ობიექტია.
სიტუაციაში, სადაც ოჯახის წევრები ვერ ახერხებენ თუნდაც არდადეგების პერიოდში მშვიდობიან თანაარსებობას, ალბათ ერთმანეთისგან დასვენება საუკეთესო გამოსავალია. რათა ოჯახის თითოეულმა წევრმა შეძლოს საკუთარი ღირსების განცდით დასვენება და არა იმის მტკიცება, რომ ისიც კარგია და მეტს იმსახურებს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ერთობლივი არდადეგები და ოჯახური შეკრებები საუკეთესო შესაძლებლობაა, ბავშვებისა და მშობლებისთვის დაცულობის, უსაფრთხოების, ოჯახური კავშირების განცდის გაძლიერებისთვის, სწავლისა და გამოცდილებისთვის, თუმცა, იმისთვის რომ არდადეგები დაუვიწყარი და მხიარული აღმოჩნდეს, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ის ჯადოსნური დროა, როდესაც ერთმანეთს არ ვაკრიტიკებთ, არ ვუხსენებთ ძველ შეცდომებს, არ ვიბუტებით, არ ვჩხუბობთ და მიუხედავად განსხვავებული ინტერესებისა და სურვილებისა – ერთად ვისვენებთ! და რაც უფრო მეტად იქნება დასვენება დაკავშირებული ტყესთან, მდინარესთან, ზღვასთან, მთაში სიარულთან, ცეცხლის დანთებასთან, ხის დარგვასთან, კარვის გაშლასა და ჩიტებისთვის სახლის აშენებასთან, მით უფრო დაუვიწყარი იქნება. ბუნებასთან სიახლოვე სულიერი და ფიზიკური დასვენების საუკეთესო საშუალებაა.

დასასვენებელი ადგილის ძებნის, სასურველი აქტივობების ოჯახის წევრებთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ, ასეთი ადგილი „ლოპოტა სპა რეზორტი“ აღმოჩნდა, სადაც კომფორტულ გარემოში ყველასათვის საინტერესო თავგადასავლების მოწყობა შევძელით.

არ დამავიწყდება ექსკურსია ცხენებით, რომელიც რეზორტის გამოცდილმა ბერეიტორმა დაგვიგეგმა, ცხენები – ლაზარე და მაყვალა მე და ჩემს მეუღლეს ხასიათის შესაფერისად შეგვირჩია, უმცროს ქალიშვილს დამჯერი პონი – ნინია დაუთმო, ჩემ თამამ ვაჟს კი არაბული ჯიშის მკვირცხლი ცხენი გამოუყვანა. არც მდინარე ლოპოტას ხეობის ულამაზესი, დაბურული ბუნება დამავიწყდება, ბავშვების აღგზნება და მამით აღფრთოვანება, როდესაც ის უშიშრად და მოხდენილად აჭენებდა ცხენს ველზე, ვენახებს შორის.

ასევე დაუვიწყარი იყო ნუცას (უმცროსი ქალიშვილი) მოულოდნელი იღბლიანობა და მისი სიხარული, როდესაც მან ლოპოტას ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ სათევზაო ზონაში ყველაზე მეტი კობრი დაიჭირა, ჩვენ კი მხოლოდ თითო კალმახი.

მეც ბავშვივით მიხაროდა, როდესაც სასტუმროს დახურულ აუზში ჩემი სპორტული ჟინი გავაცოცხლე და წყალბურთის წრეში დაკავებულ დანიელს (უფროსი ვაჟი) ცურვაში შეჯიბრი მოვუგე რამდენიმე წამის სხვაობით. დანიელმა კი ყველა გაგვაოცა, როდესაც დასვენების ბოლო დღეს ჩვენი კომფორტული საოჯახო ლუქსის ნომერში შეგვკრიბა და დიდ ტელევიზორში ზღაპრული ფოტოკოლაჟი გვაჩვენა, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩუმად იღებდა, ღამღამობით ამუშავებდა და ბოლოს სამახსოვრო ფილმი გააკეთა.

„ლოპოტა სპა რეზორტის“ კარგად დაგეგმილმა ინფრასტრუქტურამ საშუალება მოგვცა ბავშვებს და მშობლებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თავისუფლადაც გაგვეტარებინა დრო, ისე რომ უფროსებს ბავშვების უსაფრთხოებაზე არ გვენერვიულა. საღამოს, როდესაც ბავშვები ამერიკული ბილიარდით და სხვა სამაგიდო თამაშებით ერთობოდნენ, მე და ჩემ მეუღლეს საშუალება გვქონდა ბარში ან რესტორანში წავსულიყავით. განსაკუთრებით კი Château Buera-ს ტერასაზე მზის ჩასვლით და მაღალი კლასის (Fine dining-ის კატეგორიის) რესტორანში შემოთავაზებული ღვინოებით ვისიამოვნეთ. დიდი ხნის მანძილზე, მგონი პირველად მქონდა შეგრძნება, რომ მე და ნიკა (ჩემი მეუღლე) ერთმანეთისთვის ისეთივე მომხიბვლელები ვართ, როგორც ჩვენი ურთიერთობის დასაწყისში…

თუკი თქვენც ჩემნაირი პრობლემის წინაშე დგახართ და თქვენს სამუშაო გრაფიკში, სამუშაო დღეები მეტია, ვიდრე დასვენების, ნახევარ ცხოვრებაზე მეტს მოვალეობების და პასუხისმგებლობების შესრულებაში ატარებთ, ნება მომეცით, მე ვიყო ის ადამიანი, ვინც სწორ დროს სწორ რჩევას მოგცემთ და გეტყვით – წინასწარ, სწორად დაგეგმოთ ოჯახური დასვენება, აარჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც ოჯახის თითოეულ წევრს თავისი წილი თავგადასავალი შეხვდება და ერთმანეთის პატარ-პატარა გამარჯვებების თანამონაწილე გახდება. ეს ძალიან აახლოებს და ერთად განცდილი სიხარულის ხარჯზე ყოველდღიურობას აადვილებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *