უფრო ბედნიერი და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

დღეს უკვე საყოველთაოდ ცნობილია, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, უპირველესად, ჯანსაღი ცხოვრების წესია, რომელიც არ იწყება ხვალიდან, ორშაბათიდან, ახალი წლიდან ან შვებულების პირველივე დღიდან. ჯანსაღი ცხოვრების წესი თქვენს ყოველდღიურობას უნდა გასდევდეს. მერწმუნეთ, ეს სულაც არ არის რთული – რამდენიმე პრინციპის გათავისება და თქვენგან ან თქვენ მიმართ გამოთქმული – „გისურვებთ ჯანმრთელობას“, სურვილი კი არა, ეს უკვე ცხოვრების წესია.

პირველი და მთავარი პრინციპი, რასაც უნდა მისდიოთ, ფიზიკური აქტივობაა. ნუ იფიქრებთ, რომ ფიზიკური აქტივობით მხოლოდ სხეულზე ზრუნავთ. ფიზიკური დატვირთვა თქვენს შინაგან სამყაროზეც აისახება და გუნება-განწყობაზეც. მედიცინა დიდი ხანია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადამიანის ფიზიკაცა და ფსიქიკაც ერთიანობაში უნდა განვიხილოთ, ერთიან ჯაჭვში, რომელიც დომინოს პრინციპით მოქმედებს. თუკი დაუკვირდებით, თავადაც შეამჩნევთ, როდის შეუძლია, ვთქვათ, გაციებას თქვენი ადვილად დაჯაბნა – როდესაც გადაღლილი და გამოფიტული ხართ. და როდის იღლებით ყველაზე მეტად? – როდესაც ნაკლებად მოძრაობთ. ამიტომ გახსოვდეთ, სასურველია დღეში მინიმუმ ორმოცი წუთი ფიზიკურ აქტივობას დაუთმოთ. ფიზიკური დატვირთვისთვის სულერთია რას აირჩევთ – ვარჯიშს, ცურვას, ფეხით სიარულს თუ რაიმე სხვას, მთავარია, თქვენი კუნთები მუშაობდეს და სისხლის მიმოქცევა აქტიურდებოდეს.

მეორე მთავარი პრინციპი მზის სხივების მიღება და სუფთა ჰაერზე გასეირნებაა. ცნობილია, რომ მზის სხივების ნაკლებობა უგუნებობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ამიტომ გახსოვდეთ, რომ ყოველდღიურად აუცილებელია გარკვეული დრო დღის შუქზე გაატაროთ. ჩრდილოეთის ქვეყნებში პოზიტიური განწყობისთვის ადამიანებს ხელოვნური მზის აბაზანებსაც კი უნიშნავენ ხოლმე, მაგრამ, საქართველოში ამის აუცილებლობა ნამდვილად არ არის, აქ ზამთარშიც კი საკმარისზე მეტი მზიანი დღეებია, უბრალოდ ამ დროს გარეთ უნდა გავიდეთ და სახლსა თუ ოფისს არ მივეჯაჭვოთ.

მესამე მთავარი პრინციპი ჯანსაღი კვებაა. ამ შემთხვევაშიც რამდენიმე მთავარი პრინციპი უნდა დაიცვათ, და მათი დაცვაც ახალი წლიდან ან მომავალი თვიდან კი არ უნდა გაითვალისწინოთ, არამედ, როგორც უკვე გითხარით, ცხოვრების წესად უნდა აქციოთ. ჯანსაღი კვება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს საყვარელ დესერტზე უარი თქვათ, ან კიდევ მხოლოდ ორთქლზე მოხარშული ბოსტნეულით იკვებოთ. სულაც არა. უბრალოდ უნდა შეეცადოთ, რომ თქვენი სამოძრაო ტრაექტორიიდან სწრაფი კვების ობიექტები წაშალოთ, სუპერმარკეტისთვის განკუთვნილი საყიდლების სიიდან კი ჩიფსები, იაფფასიანი ორცხობილები და ტკბილი გაზიანი სასმელები ამოიღოთ, რომლებიც იმდენ შაქარს შეიცავს, რომ შესაძლებელია მთელი დღის დოზას მნიშვნელოვნად აჭარბებდეს. შეეცადეთ, კონსერვანტებით გაჯერებული პროდუქტი ადგილობრივით ჩაანაცვლოთ, მეტი სეზონური ხილი და ბოსტნეული მიირთვათ. და საღამოს, ტელევიზორის ან კომპიუტერის ეკრანის წინ ნუ აღმოაჩენთ, რომ იმაზე მეტი ჭამეთ, ვიდრე გინდოდათ. ჭამის დროს პარალელურად ნურაფერს გააკეთებთ, საკვების გემოთი დატკბით, ასე უფრო მალეც დანაყრდებით და მეტ სიამოვნებასაც მიიღებთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ საკვები, რომელსაც მიირთმევთ, ჯანსაღი პროდუქტებისგან იყოს დამზადებული.

წყალი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ძალიან სასარგებლოა დილით, გაღვიძებისთანავე ერთი ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი დალიოთ. უზმოზე წყლის დალევა თქვენს ორგანიზმს გაღვიძებაშიც დაეხმარება და ორგანოების სწორად ფუნქციონირებასაც ხელს შეუწყობს. ექიმები გვირჩევენ, დღის განმავლობაში 1.5 ლიტრი წყალი მაინც მივიღოთ. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ამ რაოდენობაში არ შედის ყავა, ჩაი და გამაგრილებელი სასმელები. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ყავაც მიირთვათ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყოველ ფინჯან ყავას დამატებით ერთი ჭიქა წყალი უნდა მიაყოლოთ.

მეხუთე მნიშვნელოვანი პრინციპი ძილია – ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებელი ელემენტი. ძილის რეჟიმი ადამიანის ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს და თუ უძილობას უჩივით, მისი მოწესრიგება აუცილებელია. გახსოვდეთ, რაც უფრო ჯანსაღად გაატარებთ დღეს – სუფთა ჰაერზე ისეირნებთ, ივარჯიშებთ, ფიზიკურად დაიტვირთებით, მით უფრო ნაკლები შანსია, რომ უძილობამ შეგაწუხოთ.

გარდა ამისა, შეგიძლიათ საკუთარი თავი დროდადრო გაანებივროთ ხოლმე. ჯანსაღი სიამოვნებების ნუსხაში პირველ ადგილს წყლის პროცედურებს მივანიჭებდი. წყალი ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს და ერთნაირად კარგია როგორც რელაქსაციისთვის, ისე მეტი ენერგიისთვისაც. საქართველო მინერალური წყლის კურორტებით მდიდარი ქვეყანაა და ამიტომ აქ წყლის სპა თერაპია და პროცედურები განსაკუთრებით პოპულარულია. თავად ქვეყნის დედაქალაქიც გოგირდის წყლების გარშემოა გაშენებული, გოგირდის აბანოები ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება.

„ლოპოტა სპა რეზორტი“ ღია და დახურული აუზების გარდა, წყლის აბაზანების მოყვარულებს ორ სხვადასხვა ადგილს სთავაზობს: ტრადიციულ სლავურ აბანოს და სპას. წყლის პროცედურების მოყვარულები დამეთანხმებიან, რომ სპა თერაპია ერთგვარი რიტუალივითაა, სადაც თითოეულ დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს. აბანოში ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ტემპერატურის დაცვა, ჰაერის ეთერზეთებით გაჯერება; მუხისა და ანწლის ცოცხების პროცედურასაც თავის სპეციფიკა აქვს, ამ პროცედურებს ლოპოტას დასასვენებელ კომპლექსში გამოცდილი, სპეციალურად მოწვეული ოსტატი უძღვება. აქვეა ცივი წყლის აუზიც, რომელშიც ბუნებრივი სამკურნალო წყალი ჩაედინება. „ლოპოტას სპა რეზორტის“ ნამდვილი მარგალიტია მაღლობზე განთავსებული არქიტექტურული ნაგებობა, რომელიც თავისი მინიმალისტური სტილით აქაურ ლანდშაფტს ისე შეერწყა, თითქოს სულ ამ ადგილას ყოფილიყო. თავად შენობიდან კი ისეთი საოცარი ხედი იშლება, რწმუნდები, აქ დრო მართლაც ჩერდება.

„ლოპოტა სპა რეზორტის“ სპეციალისტს, ქალბატონ ფიქრია გოგაშვილს სადღესასწაულო დღეებისთვის ორი განსხვავებული პროცედურის შერჩევა ვთხოვეთ. გასაკვირი არაა, რომ, პირველი, რაც გვირჩია, ღვინის აბაზანა იყო – ერთნაირად სასიამოვნო და სასარგებლო პროცედურა, რომელიც სადღესასწაულო დღეებს განსაკუთრებით უხდება. მათთვის კი, ვინც თვლის, რომ სადღესასწაულო დღეებში ალკოჰოლი საკმარისზე მეტი მიიღო, ძველი ინდიელების მეთოდს ურჩევს – ღრმა სარელაქსაციო მასაჟს ცხელი ვულკანური ქვებით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *