როგორ ვიკვებოთ ჯანმრთელად

დღეს კულინარიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, თუ მთავარი არა, ჯანსაღ კვებას უკავია, რამდენად განსაზღვრავს ეს კრიტერიუმი სამზარეულოს ხარისხს?
ნამდვილად ასეა. ჯანსაღი კვების პრინციპები სამზარეულოში ძალიან მნიშვნელოვანია. თანამედროვე ადამიანი გაცილებით უფრო ინფორმირებულია და სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს იმას, თუ რამდენად ჯანმრთელია საკვები, რომელსაც ვიღებთ.

რა არის ჯანსაღი კვების მთავარი პრინციპი?
პირველი და მთავარი პრინციპი, რასაც ჯანსაღი კვება და ჯანსაღი სამზარეულო გულისხმობს, პროდუქტია. კარგი პროდუქტი. მთავარია, რომ პროდუქტი იყოს ახალი. რაც უფრო ახლოსაა მოყვანილი პროდუქტი, რომელსაც თქვენს სამზარეულოში იყენებთ, მით უკეთესია. ჩვენ ამ სისტემას ნულოვან კილომეტრაჟს ვეძახით. როდესაც პროდუქტი ადგილობრივია, და თქვენამდე მოსაღწევად დიდი გზის გავლა არ უხდება, შესაბამისად, მას არც გაყინვა სჭირდება და არც სპეციალური დამუშავება, რომ გზაში არ დაძველდეს. ამიტომაა ჩვენი სამზარეულო ჯანსაღიცა და გემრიელიც – ლოპოტას ბოსტანში მოყვანილი ბოსტნეული, ადგილობრივი ფერმერებისგან მოწოდებული ხორცი და რძის ნაწარმი, აქვე თონეში გამომცხვარი პური – ჩვენი სამზარეულოს ხარისხს პირველ რიგში პროდუქტი განსაზღვრავს – ჯანსაღი, გემრიელი, ადგილობრივ ნიადაგზე მოყვანილი.

კიდევ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, სხვა პრინციპების შესახებ რას გვეტყოდით?
მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრინციპი მომზადების წესია. როდესაც კარგი პროდუქტი გვაქვს, მისი მომზადებაც უნდა ვიცოდეთ და აქ მთავარი სწორედ პროდუქტის პირვანდელი გემოს და იმ ჯანმრთელი ელემენტების შენარჩუნებაა, რითაც ეს პროდუქტია მდიდარი. „ალდენტე“ – არის ასეთი იტალიური ტერმინი, რომელიც კერძის მომზადების კონდიციას განსაზღვრავს. იმისათვის, რომ პროდუქტმა კვებითი და გემოს ღირებულება არ დაკარგოს, ის იმაზე მეტხანს არ უნდა ვამზადოთ, ვიდრე საჭიროა. მაგალითად, ბოსტნეულის მომზადებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ სუფრაზე მიტანილ კერძში ბოსტნეული უნდა იკბიჩებოდეს და თუ კერძი სხვადასხვა ბოსტნეულისგან შედგება, მათი განცალკევება და გემოების გარჩევა შესაძლებელი იყოს. იგივე შემიძლია გითხრათ, სხვადასხვა სანელებლების გამოყენებაზეც. სანელებელი ისე უნდა ვიხმაროთ, რომ პროდუქტის პირველადი გემო არ მოვკლათ, არ გადავამეტოთ. კულინარიაში ეს ასპექტიც ძალიან მნიშვნელოვანია.

წინ საახალწლო დღეები გველოდება, „ლოპოტა სპა რეზორტში“ რას შემოგვთავაზებდით?
პირველ რიგში, ქართულ ტრადიციულ საახალწლო კერძებს – საცივს, სხვადასხვანაირ ფხალს, ყველის დაფას, წალამზე შემწვარ მწვადს. ჩვენი კახური კუთხე ამ რეგიონისთვის დამახასიათებელ კერძებს გთავაზობთ და თუკი თქვენ ახალი წლის შეხვედრა „ლოპოტა სპა რეზორტში“ გადაწყვიტეთ, რა თქმა უნდა, გირჩევთ, უპირველეს ყოვლისა ქართული კერძები გასინჯოთ. კერძებს, რა თქმა უნდა, კახური ღვინო უნდა მიაყოლოთ, ქართული სუფრა ღვინის გარეშე ისედაც წარმოუდგენელია და საახალწლო დღეებში ხომ განსაკუთრებით. გირჩევთ, მწვადს წითელი ღვინო მიაყოლოთ, თეთრი ღვინით კი აპეტაიზერების გასინჯვისას შეიქციოთ თავი.

რადგანაც აქ ხართ, უსათუოდ გეცოდინებათ, რომ კახური კუთხის გარდა, აქ კიდევ სამი რესტორანია – ოვალური, რომელიც შერეულ სამზარეულოს გთავაზობთ, რესტორანი შვედური მაგიდით და შატო ბუერა – ვენახებით გარშემორტყმული ტერასებიანი სასახლე, საიდანაც პანორამული ხედი 360 გრადუსზე იშლება, ალაზნის ველიდან – კავკასიონის დათოვლილ მწვერვალებამდე. შატოში გემრიელი კერძებისა და ღვინის დაგემოვნების გარდა, ღვინის წარმოების მთელი პროცესის მონაწილე ხდები. შენობის თავდაპირველი დაგეგმარებაც სწორედ ამის გათვალისწინებით მოხდა. ქვედა სართულზე ვინოთეკაა – ღვინის კოლექციითა და სადეგუსტაციო სივრცით, პირველ სართულზე განთავსებული რეზერვუარებიდან სანამ მარანში მოხვდებით, გზად თანამედროვე ტიპის უახლესი მოწყობილობებით აღჭურვილი ლაბორატორია შეგხვდებათ, სადაც ღვინოები ყველა საჭირო პარამეტრზე მოწმდება. ამ ექსკურსიაზე ჩვენი გიდი გაგიძღვებათ და ქართულ ღვინოზე ბევრ საინტერესო ამბავსაც გიამბობთ.

ნაბახუსევზე რას გვირჩევთ, 1-ლ იანვარს – წელიწადის ყველაზე რთულ დილას?
რა თქმა უნდა, წვნიანს და, რა თქმა უნდა, კახურ ტრადიციულს – ხბოს ხორცის ბულიონს მწვანილით შეზავებულს. ნაბახუსევზე ეს საუკეთესო წამალია.