გრემი

ლიზა ციციშვილი
როცა დრო მაქვს და კახეთში ვმოგზაურობ  – მე, ჩემი მეგობრები და ხშირად ჩვენი სტუმრებიც,  ჩავსხდებით მანქანაში და რამე კონკრეტული ადგილის სანახავად მივდივართ. თავგადასავლები და აღმოჩენები ძალიან გვიყვარს, ამიტომ ასეთი წესი გვაქვს: დანიშნულების ადგილამდე სანამ მივალთ, გზად, სადაც გული გაგვიწევს, იმ სოფელში შევალთ და რომელ გზაზეც მოგვინდება, იქ გადავუხვევთ. ამ უმისამართო მოგზაურობებში ძალიან საინტერესო და ლამაზ ადგილებს მივადგებით ხოლმე. ისეთებს, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცოდით. ჯერ ჩვენ აღმოვაჩინთ და მერე სტუმრებიც მიგვყავს ხოლმე. კახეთში დასათვალიერებელს რა დალევს? თითო სოფელში იმდენი ცნობილი თუ უცნობი, საერო, საკულტო თუ ბუნების ძეგლია! ამიტომ, ჩემი პერსონალური რჩევაა, ისტორიული ქალაქების გარდა კახეთის სოფლებიც მოიაროთ. ნახოთ, როგორ ცხოვრობს ხალხი და როგორია ამ მხარეში სოფლის ყოველდღიურობა.

ახალი წელი ახლოვდება და თუ ახალი წლის დადგომას კახეთში შეხვდებით, ან სადღესასწაულო დღეებში აქ მოგზაურობას აპირებთ, ისიც უნდა იცოდეთ, რომ ამ მხარეს ახალ წელს ჩამიჩიან პურებს ( ნაზუქებს) აცხობენ. ტრადიციის მიხედვით, ოჯახის თითოეულ წევრს ახალი წლის ღამეს ჩამიჩიანი პურის ერთი ნაჭერი უნდა შეხვდეს. ახალი წლის ღამეს ყველა თავის ჩამიჩიან პურს ტეხავს. ამ დროს ჩურჩხელებს, ჩირს,  ღორის თავს ჩამიჩიან პურებთან ერთად ხახალაზე აწყობენ და თან არაყსა და ღვინოსაც მიუდგამენ გვერდით. გამთენიისას ოჯახის უფროსი გარეთ გადის და სახლს სამჯერ შემოუვლის. შინ შემობრუნებისას კი ოჯახის წევრებს ახალ წელს ულოცავს. საგანგებოდ მომზადებული ჯამიდან ყველას თითო ლუკმა პური ერგებოდა. ეს ტრადიცია ბარაქიანი, მშვიდობიანი და ბედნიერი ახალი წლის მომასწავლებელია…

კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. მეღვინეობა აქ კულტურის და იდენტობის ნაწილია. ყურძნის გამოსახულებას სად არ შეხვდებით – არქიტექტურულ ძეგლებზე, ფრესკებზე, ორნამენტებზე, ოჯახებში.
ყურძნისგან მზადდება ცნობილი კახური ჩურჩხელა. ბამბის ძაფზე ასხმულ ნიგოზს, თხილს, ქიშმიშს ან ჩამიჩს თათარაში სამჯერ ავლებენ. ასე მზადდება აღმოსავლეთ საქართველოში ჩურჩხელა და დასავლეთ საქართველოში ჯანჯუხა. კარგი ჩურჩხელა ახალ წელს  არა მარტო კახეთის, არამედ მთელი საქართველოს საახალწლო სუფრაზე მთავარი ატრიბუტი და ახალი წლის მთავარი ტკბილეულია. კიდევ ერთ რამეს გირჩევდით – თუ ახალი წლის დადგომას საკუთარ სახლში ამჯობინებთ, მაშინ კახეთში მანამდე გაემგზავრეთ და საახალწლო სუფრისთვის ჩურჩხელა კახეთის რომელიმე სოფელში იყიდეთ. კახეთში სტუმრები განსაკუთრებით უყვართ, ამიტომ შეგიძლიათ ნებისმიერი სახლის კარზე მიაკაკუნოთ და მერწმუნეთ, ყველა ოჯახში ფერად-ფერად ძაფებზე აცმული ნამდვილი  ქართული ჩურჩხელები დაგვხდებათ.

„ლოპოტა სპა რეზორტიდან“ სამანქანო გზით 15 წუთის სავალზე კახეთის ძველი დედაქალაქი გრემია. გზად გადაჭიმული ვენახების ხედით დატკბებით და შეგიძლიათ რამდენიმე მეღვინეობის საწარმოშიც შეიაროთ, იქაური ღვინო გასინჯოთ და მტერთან სიურჩით ცნობილი ქალაქისკენ ისე გაემგზავროთ.

<strong>„ურჩი მეფეების ქალაქი“</strong>
ცნობილია, რომ ქალაქი გრემი აბრეშუმის გზაზე გადიოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთიდან ბიზანტიის იმპერიისკენ, სპარსეთსა თუ არაბთა სახალიფოსკენ მიმავალ ტვირთებს ჯერ აქ უნდა გაევლო. ეს კიდევ, დღევანდელი ტერმინებით, კულტურათა ეპიცენტრში ყოფნას ნიშნავს – სხვა კულტურის გაცნობას, შენს ენაზე თარგმნას, შეთვისებას და მერე ისევ სხვისთვის გაზიარებას. ქალაქის შესახებ ისტორიული ცნობები მწირადაა შემონახული, რადგანაც საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ეტაპზე გაჩნდა და მალევე გაუჩინარდა. ყველაზე დიდი ზარალი XVI საუკუნეში, შაჰ აბასის შემოსევებისას შეხვედრია, დანგრეული გზა მას შემდეგ არც აღუდგენიათ. დღესდღეობით კახეთის ერთ-ერთ მშვენიერ ქალაქში შუა საუკუნეების გრემის ნანგრევებია შემორჩენილი, კარგად შემონახული არქიტექტურული კომპლექსით, მთავარანგელოზთა ტაძრითა და სამეფო კოშკით.
ქალაქი გრემი

გრემის ტერიტორიაზე პირველი დასახლება, სავარაუდოდ,  გვიანი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, თუმცა, მისი, როგორც ქალაქის ისტორია XV საუკუნიდან იწყება, როდესაც კახეთის პირველმა მეფემ, გიორგიმ  ის სამეფოს დედაქალაქად აქცია. ეს სტატუსი გრემმა ორი საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნა. და რადგანაც აქ საქარავნე გზები გადიოდა, სამეფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ცენტრად იქცა. მწიგნობრული ქალაქიც ყოფილა და თავის ობსერვატორიაც ჰქონია, საიდანაც ციურ სხეულებს აკვირდებოდნენ. ხალხში დღემდეა შემორჩენილი გადმოცემა გრემში სამეცნიერო დაწესებულების – აკადემიის არსებობის შესახებ. ქალაქს სამეფო უბანიც ჰქონია, სადაც მეფეები სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს იღებდნენ  და ობსერვატორიაც, საიდანაც ციურ სხეულებს აკვირდებოდნენ. დიდებულები კი თავისუფალ დროს თავს  აბანოებში ირთობდნენ. ქალაქმა 150 წელს იარსება.

გრემის  მაღალი კოშკებიდან მთელი ალაზნის ველი იშლება, საიდანაც უხსოვარ დროს  გუშაგები მტრის მოახლოებას ხედავდნენ ხოლმე, ქალაქის დამცველები მტერთან დახვედრას ჩქარობდნენ.

<strong>სავაჭრო ქალაქი</strong>
სავაჭრო რიგებს გრემში უზარმაზარი სასაწყობე  სარდაფები ჰქონიათ. იმდროინდელი ქალაქი ქართველი, სომეხი და ებრაელი ვაჭრებით ყოფილა სავსე. მუშტრებს საიდან არ ელოდნენ. აქ სპარსეთიდან და ჩრდილო კავკასიიდან მომავალ ქარავნებს იარაღი, უძვირფასესი ხალიჩები, ოქრო და ვერცხლი მოჰქონდათ. კახელები კი შორ მოგზაურობაში აბრეშუმითა და ღვინით სავსე ქარავნებით დადიოდნენ. ურჩი მეფეებით ცნობილ ქალაქში უცხოელი მოგზაურები და სოვდაგრები აქლემებს, ცხენებს თუ სახედრებს ხურჯინებს აჰკიდებდნენ და დახუნძლულები სპარსეთისკენ მიდიოდნენ. გრემის მახლობლად, 50 მეტრში მდებარე ზაგემში, იმ დროს თურმე ფულსაც ჭრიდნენ.

დღეს ისტორიული გრემის კომპლექსი მუზეუმ-ნაკრძალადაა გამოცხადებული. სასახლე-სამრეკლოში ეთნოგრაფიული მასალა და გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტების ნაწილია გამოფენილი – ბრინჯაოს ხანის იარაღი, სამკაული, მცირე ზომის ცხოველთა ქანდაკებები, რკინის ცულები (XII-XIII სს.), კერამიკის ნიმუშები, მოჭიქული კრამიტი და აგური, შუასაუკუნეების საბრძოლო იარაღი თუ მეფეთა ფერწერული პორტრეტები.

<strong>თანამედროვე ქალაქი </strong>
თანამედროვე გრემი კახეთის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ქალაქია და მის შუაგულში მდებარეობს. და თუ ამ მხარეში მოგზაურობთ, გირჩევთ, ისტორიული ქალაქი და ტაძარი უსათუოდ მოინახულოთ. წინ ქვეყნისთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი მოგზაურობა და სანახაობა გელით. გრემი წარსულის  ელფერსაც ინახავს და საინტერესო თავგადასავალსაც. გრემის დაცემიდან 400 წლის შემდეგ, ნაქალაქარის ცენტრში გრემის მთავარანგელოზის ტაძარი ისევ დაგხვდებათ. დახვეწილი და მაღლა შემყურე, თითქოს ცაში აჭრას ცდილობდეს.

გრემის ტაძარი – ეს ტაძრის ფოტოზე იქნება მინაწერი
გრემის ტაძარი ქართველი მეფე ლეონ II-ის დროს, 1565 წელს აშენდა და მოიხატა. ძირითადი ნაწილი აგურითაა ნაშენები. კედლებზე შემორჩენილი წარწერები და ფრესკები კი ფეოდალური საქართველოს ეკლესიებისთვის მაგალითი გამხდარა.  არსებობს ვარაუდი, რომ ტაძრის ადგილზე ადრეული ეკლესია უნდა ყოფილიყო და მისი ნაშთები ღრმად,  მიწაშია ჩამალული. მაგრამ, ამის დადგენა დღეს უკვე შეუძლებელია, რადგანაც ბორცვის დიდ ნაწილზე სხვა ნაგებობები დგას.